საინტერესო მოგზაურობას გთავაზობთ. ასეთი რამ ჯერ არც გინახავთ და არც გაგიგონიათ.
მოგზაურობა არის ონლაინ - როგორც კოვიდპანდემიის ვითარებას შეეფერება.
მოგვყევით...
პირველი სადგურია - ლანჩხუთის ოფიციალური ვებგვერდი http://lanchkhuti.gov.ge/
გახედეთ ეკრანს მარჯვნივ. ჩამონათვალში თითქოს ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ არის ერთი გამორჩეული დასახელება: ელექტრონული მენეჯერი https://lcman.ge
სწორედ ეს არის სიახლე, რაზეც უნდა გიამბოთ - უნიკალური ვებაპლიკაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში (და სხვაგანაც). ის საგანგებოდ ლანჩხუთისთვის შეიქმნა.
აპლიკაციის ავტორია ამირან გიგინეიშვილი - რადიოინჟინერი, პროგრამისტი, კონსტრუქტორი, მკვლევარი, ეკონომისტი, პიარის სპეციალისტი.
ბატონი ამირანი არის ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის გამგეობის წევრი. აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავლილი აქვს 40-ზე მეტი საერთაშორისო ტრენინგი. ამჟამად არის „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ თავმჯდომარე http://www.darbazi.org.ge/
ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ეს ორგანიზაცია ჩაერთო პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
პროექტს ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
ლანჩხუთის ეს ორგანიზაცია თავიდანვე გამოიკვეთა - აქტიურობით, ინიციატივებით.
შარშან ზაფხულში, პროექტის თანახმად, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა: რვა მუნიციპალიტეტიდან 16 ორგანიზაცია ჩაერთო, საინტერესო იდეები წარმოადგინეს და ყველამ მიიღო მცირე გრანტი.
საიდან გაჩნდა ლანჩხუთელების იდეა?
ამირან გიგინეიშვილი იხსენებს: „ერთ-ერთი ლოკდაუნის დროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან მივედი საკრებულოს სხდომაზე (საკრებულოს წევრი ვარ) და ვნახე, რომ მერთან და საკრებულოს წევრებთან ვიზიტორებს დაცვა შენობაში არ უშვებდა. მერე შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. შედეგი: თითქმის განულდა მოქალაქეთა მონაწილეობა მუნიციპალური გადაწყვეტილების პროცესში, შეუძლებელი გახდა პირად საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ვიზიტი. ეს გახდა ვებაპლიკაციის შექმნის საფუძველი“.
იდეა საკმაოდ ამბიციური იყო. შემუშავდა პროექტი „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის“.
ამონარიდი საპროექტო წინადადებიდან:
„პროექტის ამოცანებია: საკრებულოს საქმიანობის ელექტრონული კომუნიკატორის ვებაპლიკაციის ტექნიკური მოთხოვნებისა და დიზაინის ფორმირება, აპლიკაციის შემუშავება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება, საკრებულოს აპარატის პერსონალისთვის ვებაპლიკაციის მართვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზრდა; მოსახლეობის ინფორმირება აპლიკაციის შესაძლებლობისა და გამოყენების შესახებ, ვებაპლიკაციის ადმინისტრირება“.
ვებაპლიკაცია შემუშავდა ASP.NET და C++ პროგრამულ სკრიპტებზე და MS SQL სერვერის გამოყენებით. ინტერნეტში მისი განთავსებისთვის შეძენილ იქნა Windows ჰოსტინგი. ვებაპლიკაცია მიება საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდს. ბანერები განთავსდა საკრებულოს ინტერნეტ გვერდზე, საქართველოს სასოფლო დარბაზისა და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდებზე.
ყველა ამოცანა შესრულდა. სამ თვეში მცირე თანხით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა.
ამირან გიგინეიშვილი გვიზიარებს:
„ახლა ყველას, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეუძლია პირადად მიმართოს საკრებულოს წევრს, მერს, მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს. კიდევ უფრო გავართულეთ და მერიაც ჩავრთეთ. გასვლა ხდება მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდიდან ღილაკით - ელექტრონული მენეჯერი. თუ მათგან პასუხი დაგვიანდა, ამ გვერდზე მათი გვარი გაწითლდება, რაც პასუხისმგებლობას ზრდის.“
ლანჩხუთის ოფიციალურ ვებგვერდზე არის ასევე მონაწილეობითი ბიუჯეტის პლატფორმა და ისიც - ამირან გიგინეიშვილის შემუშავებულია https://idealanchkhuti.ge
ამ პლატფორმიდანაც არის გადასასვლელი მუნიციპალურ ვებგვერდზე და ელექტრონულ მენეჯერზე.
საინტერესო მოგზაურობის ფინალი ასეთია:
ელექტრონული მენეჯერი მოქმედებს!
მუნიციპალიტეტში მცხოვრებთ აქვთ მომდევნო 30 დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი, ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა.
რაც მთავარია, აქვეა საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების საკონტაქტო ინფორმაცია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დიალოგი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან: დარეკვა, წერილის მიწერა, პერსონალურ გვერდზე გადასვლა.
საკრებულოს წევრებს, როგორც მრიცხველი აღრიცხავს, 57 წერილი მიუვიდათ და ყველას უპასუხეს...
ასეთი რამ სრულყოფილად ჯერ მხოლოდ ლანჩხუთშია!
თუმცა კარგ საქმეს ყოველთვის ჰყავს მიმდევრები. ეს იდეა, როგორც კარგი პრაქტიკა, წაიღო ამბროლაურმა.
https://open-amb.ge/ - ამ ბმულზე ნახავთ, რომ ამბროლაურში ელექტრონული მენეჯერი უკვე მომზადდა. ჯერ მხოლოდ ორი ადამიანია დარეგისტრირებული, არც წერილებია გაგზავნილი, მაგრამ, მთავარია, მოდელი არსებობს და თანდათან გააქტიურდება კიდეც.
ჩვენი პროექტის ფარგლებში ამიტომაც შეიქმნა 2019 წლის ოქტომბერში გურიის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის 8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი.
ფორუმში 16 ორგანიზაცია იყო და კიდევ 14 ახალი ორგანიზაცია დაემატა.
https://csoforum.ge/index.php/ka/about-forum-ka-1 როგორც ვებგვერდის ამ ველზეა აღნიშნული: „ფორუმი არის ადგილი თანამშრომლობისათვის. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სწავლობენ ერთმანეთისგან და საუკეთესო პრაქტიკებს გადასცემენ ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში.“
ლანჩხუთის „ელექტრონული მენეჯერი“ ამის დასტურია, პროექტის წარმატების მაჩვენებელია. მაღალი კლასის პროფესიონალი, საინტერესო იდეების და მრავალმხრივი პრაქტიკის მქონე ამირან გიგინეიშვილი კი კოლეგიალობის საუკეთესო მაგალითია. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის...